გარდაბანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან აღინიშნება. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და ყორღანები, გვხვდება ასევე ანტიკური კულტურის კვალიც. ქართლის მეფის – ფარსმან ქველის მეფობის დროს (II ს) რუსთავიდან გარდაბნის ველზე არხი გაჭრეს, რამაც დასაბამი მისცა დიდი სასოფლო არეალის ათვისებას ამ მხარეში. გარდაბანი განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც. როდესაც ვახტანგ გორგასალმა საქართველო საერისთავოებად დაყო, გარდაბნის საერისთავო მნიშვნელოვან თავდაცვით ფორპოსტს წარმოადგენდა.
არაბობის პერიოდში გარდაბანმა ნაწილობრივ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, თუმცა დავით აღმაშენებლის მეფობის დროიდან ეს ტერიტორია კვლავ ვითარდება. საქართველოს ოქროს ხანის პერიოდში აიგო მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი. გარდაბნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული 1265 წელი აღმოჩნდა. ამ წლის ზამთარი ბერქა ყაენმა ამჟამინდელ გარდაბნისა და დავით გარეჯის ველებზე გაატარა. მისმა 300 000-იანმა არმიამ გაანადგურა აქ არსებული ყველა ქალაქი თუ სოფელი. ამის შემდეგ თითქმის 400 წელი გარდაბანს, როგორც დასახლებას აღარ უარსებია. დღესდღეობით მუნიციპალიტეტში განვითარებულია: მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მცირე მეწარმეობა. მრეწველობის დარგებიდან წამყვანია ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობისა კი – მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და მეფუტკრეობა.
გარდაბანში ფუნქციონირებს მუზეუმი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუნიციპალიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რასაც ეგზოტიკური ბუნება და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. ფერადი უდაბნოები, ლურჯი ტბები, ვრცელი ხედები და უძველესი ისტორიული ძეგლები გულგრილს არავის ტოვებს.
მოსახლეობა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 1 212 კვ. კმ-ს.
მოსახლეობა – 99 945 (2022 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით).
რა ვნახოთ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ეგზოტიკური ბუნებითა და ისტორიულ კულტურული ძეგლების სიმრავლით. ულამაზესია ჯანდარისა და კუმისის ტბები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია გარდაბნის აღკვეთილი, სადაც ფრინველთა 135 და ძუძუმწოვრების 26 სახეობა ბინადრობს. გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გვხვდება კეთილშობილი ირემი, რომელიც საქართველოს “წითელ ნუსხაშია”. ეს რაიონი, გარდა საინტერესო და მომხიბვლელი ბუნებისა, უძველესი კულტურული ძეგლებითაც მდიდარია. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, ტაძრებსა და სათავდაცვო ნაგებობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავი ძეგლებია: შავნაბადას მონასტერი, მარტყოფის ღვთაების მონასტერი და სხვა. გარდაბანში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც 2000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. მუზეუმში წარმოდგენილი ნიმუშები მოიცავს პერიოდებს ქვის ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე.