
საკრებულო არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა და არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.