
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა ბიზნესსექტორთან

ქვემო ქართლში ცხოველური ნარჩენების გადამუშავების სისტემის დანერგვის საკითხებზე ბიზნესსექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მისი პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, შპს „ჯეო ინსინერაციის“ დირექტორი გია ქურხული და შპს „ბიო დიზელის“ დირექტორი მურმან პატარაია დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.
აღინიშნა, რომ მათი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ცხოველური ცხიმების შეგროვება და ტექნიკური მიზნებისთვის გადამუშავებაა, რაც ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
შეხვედრის მონაწილეებმა ცხოველური ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ცხოველური ნარჩენების გადამუშავებისა და ინსინერაციის სისტემის დანერგვა ქვეყანაში ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, ისე ცირკულარული ეკონომიკის მდგრად განვითარებას. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.