
სიახლეები
„თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია

„თეგეტა მოტორსის რეგიონული ჰაბის მსგავსი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე.
ღონისძიებას, მთავრობის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ღირებულების ეს უმსხვილესი ინვესტიცია მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე.
თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი უნიკალური, მრავალფუნქციური კომპლექსი პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც მოემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ნაკადებს. ის სრულად პასუხობს გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტებს.
პრეზენტაციის დასასრულს, დავით კარგარეთელმა, პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ახალი რეგიონული ჰაბის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.