
სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა ფერმერებთან გარდაბნის მუნიციპალიტეტში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდარაშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი მამელი ქობალია და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარ თემას საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფის დაწესება და სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხები წარმოადგენდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ფერმერებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდირების მექანიზმები და ის გავლენა, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები სოფლის მეურნეობის სექტორზე მოახდენს.
ადგილობრივმა ფერმერებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მიმდინარე სიახლეებისა და საირიგაციო სისტემების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.