სიახლეები

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს 5-კილომეტრიანი ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემები. სულ მალე ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს, რაც მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
ასევე, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც გზის ორივე მხარეს 4 600 მეტრზე სანიაღვრე არხები და 1 500 მეტრზე საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ჯამური ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.
მიმდინარე პროექტები ადგილზე დაათვალიერეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მერის პირველმა მოადგილემ, რამაზ ბუდაღაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სამირ ხიალოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.