სიახლეები

გარდაბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური, პირველი მოადგილე, სამირ ხიალოვი, მოადგილე ზაზა ონიანი და ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა ახალკაციშვილი ქალაქ გარდაბანში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ქალაქ გარდაბანში, ენერგეტიკების ქუჩაზე მიმდინარეობს ორი ერთეული საბავშვო სკვერისა და მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ტერიტორია შემოისაზღვრება ღობით, დაიგება დეკორატიული ფილები, განთავსდება ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და დამონტაჟდება შესაბამისი ინვენტარი.

დავით აღმაშენებლის ქუჩაზე დასრულდა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

დასრულებულია ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტების ჯამური ღირებულება 410 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.