სიახლეები

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბოშათა თემის წარმომადგენლებისთვის

ქალაქ გარდაბანში შპს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრ „სანოში“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებითა და გარდაბნის მერიის მხარდაჭერით, აღთაკლიაში მცხოვრებ ბოშათა თემის წარმომადგენლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ა(ა) იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრმა“, დიაგნოსტიკურ ცენტრ „სანოს“ C ჰეპატიტის დასადგენი სწრაფი ტესტები მიაწოდა. ბოშებმა უფასო სამედიცინო შემოწმება გაიარეს ყელ-ყურის ექიმთან, გინეკოლოგთან, პედიატრთან, ოჯახის ექიმთან, ენდოკრინოლოგთან, ნევროპათოლოგთან და რევმატოლოგთან. თითოეულ მათგანს აგრეთვე ჩაუტარდა ექოსკოპიური და სისხლის სამედიცინო გამოკვლევა.
ბოშათა თემის წარმომადგენლების ტრანსპორტირება სოფელ აღთაკლიიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.