
სიახლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

კრწანისის, მთისძირისა და ახალი კუმისის წყალმომარაგების სისტემების დეტალურ საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლები კრწანისის, მთისძირისა და გიგანტის მოსახლეობას შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე მოქალაქეებს დეტალურად გააცნეს დაგეგმილი საინჟინრო-საპროექტო კვლევები და სამომავლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების სპეციფიკა.
პროექტი მოიცავს გეოტექნიკურ, ტოპოგრაფიულ და ჰიდროლოგიურ კვლევებს, სატუმბი სადგურების, საქლორატოროებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემით აღჭურვილი გამანაწილებელი ქსელების პროექტირებას.
შეხვედრის ფარგლებში, წყალმომარაგების საკითხის გარდა, მხარეებმა სოფლების წინაშე არსებული სხვა საჭიროებები და მათი გადაჭრის ეფექტური გზებიც განიხილეს.
მოსახლეობის მხრიდან ასევე დაისვა კითხვები სასმელი წყლის ნავთობით დაბინძურებასთან დაკავშირებით, რაზეც მოქალაქეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით თითოეული მოქალაქის ინტერესები და უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული.