
სიახლეები
გარდაბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ გამარჯვებაში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე სივრცეები სრულად განახლდება.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, სოფლიდან გაუსვლელად მოწესრიგებულ გარემოში ისარგებლოს ყველა საჭირო მუნიციპალური სერვისით.
ამასთანავე, მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადებისა და სახურავების სრული განახლება ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს შენობების მდგრადობას და გააუმჯობესებს სოფლის საერთო ურბანულ იერსახეს.
პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საერთო სარგებლობის სივრცეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ამ ეტაპზე 676 მეტრი სიგრძის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. ხოლო სოფელ მუღანლოში, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ – 5 370 კვადრატული მეტრი ფართობის შიდა ეზოები მოასფალტდება, რაც ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტების საერთო ღირებულება 1 396 737 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, გაეცნენ მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.