
უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა
- პროგრამით მოსარგებლე
- სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-ს);
- ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები.
- პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ზოგადი წესი
- პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“). „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში, სამსახურს წერილობით მიმართავს მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“).
- პროგრამა ითვალისწინებს ბინის ქირისთვის ყოველთვიურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ფარგლებში:
- სოციალურად დაუცველ უსახლკარო ოჯახებზე;
- ხანძრის (ან სტიქიის) შედეგად დაზარალებულ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებზე;
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებზე.
- მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული
პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური
დახმარების მიმღები იმ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან/უწყებიდან ან თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული
პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ხელშეკრულების ასლი ქირავნობის შესახებ (ნოტარიული წესით დამოწმებული) სადაც მითითებული
იქნება ქირავნობის თანხის ოდენობა;
ვ) აქტი მერის წარმომადგენლისაგან, რითიც დასტურდება, რომ ოჯახს ნამდვილად არ აქვს
საცხოვრებელი;
ზ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება გამქირავებლის მიერ საკუთრების უფლება
ბინაზე;
თ) ცნობა(ები) საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებლის და მისი ოჯახის
წევრების სახელზე არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება;
ი) მერის მიერ შექმნილი ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის
მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნა;
კ) განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის
შესახებ;
ლ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
მ) სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ქულების ამონაწერი.