- პროგრამით მოსარგებლეები
საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საჭიროების მქონე ბენეფიციართა ის კატეგორია, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“) შუამდგომლობით, ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“) წერილით დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
- პროგრამა ითვალისწინებს
- წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, მშობიარობისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა, არჩეული ექიმის ჰონორარისა (მათ შორის დავალიანების არსებობის შემთხვევაში) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევისა.
- კერძო დაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების (ან/და დაფინანსებაზე უარის თქმის) გათვალისწინებით, საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების მოქალაქეთა დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი, კომისიის ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა; მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში – არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა; რეაბილიტაციასთან დაკავშირებით – არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში – არაუმეტეს 1200 (ათას ორასი) ლარისა; თვალის ინექციასთან დაკავშირებით – არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
- მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება ძალაშია, თუ მის საფუძველზე მომსახურების გაწევა დაიწყება, მისი გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ჩატარებულ მომსახურებაზე მერია არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას.
- სამედიცინო დაწესებულების მიერ ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს მერიაში დაფინანსების მოთხოვნით წარდგენის ვადაა პაციენტის გაწერიდან/კვლევის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ფარმაცევტული კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის მერიაში დაფინანსების მოთხოვნით წარდგენის ვადაა მედიკამენტების გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
- დაფინანსების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
- განცხადება;
- განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
- სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (შშმ პირის მომართვის შემთხვევაში);
- იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მიერ მომართვის შემთხვევაში);
- ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების ფინანსური დოკუმენტი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
- ცნობა კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და რეფერალური და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის, ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი; ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას);
- ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ (მოქალაქის სამედიცინო დაწესებულებასთან დავალიანების არსებობის შემთხვევაში);
- იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
- ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
- ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში);
- დავალიანების არსებობის შემთხვევაში, თუ შეთანხმება ან/და ხელშეკრულება გაფორმებულია ოჯახის წევრთან, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი – ქორწინების მოწმობის ასლი (მეუღლეების შემთხვევაში); დაბადების მოწმობის ასლი (მშობლის, შვილის, დედმამიშვილის შემთხვევაში).