1. პროგრამით მოსარგებლე
  • ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვები (7 წლამდე).
  • თერაპიული ინტერვენციის საჭიროების მქონე 0-დან 3 წლამდე ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები (3 დან 18 წლამდე).
  • არასრულწლოვნები, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმები, მაგრამ საჭიროებენ მსგავსი ტიპის ინტერვენციებს.
  1. მოსარგებლის ჩართვის კრიტერიუმი, დაფინანსება და მისი ორგანიზება
  • დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის მშობელი/წარმომადგენელი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“). „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციართა შემთხვევაში, სამსახურს წერილობით მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“). მომსახურებაზე განცხადების მიღების ბოლო ვადაა – 31 ოქტომბერი.
  • პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) ინტერვენციული მომსახურების დაფინანსებას:
      • სოციალურად დაუცველ ბავშვებისთვის (1000 დან – 150 000 ქულის ჩათვლით) – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში;
      • სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ მყოფი ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დასაბუთებული იქნება მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით, ან ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილით – 1200 (ათას ორასი) ლარის ფარგლებში.
  • მერიის მიერ დაფინანსების თაობაზე ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება ძალაშია, თუ მის საფუძველზე მომსახურების გაწევა დაიწყება მისი გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება (გამოუყენებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია ერთჯერადად, 30 კალენდარული დღით. ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ჩატარებულ მომსახურებაზე მერია არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას.
  • იურიდიული პირის მიერ ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაციის მერიაში დაფინანსების მოთხოვნით წარდგენის ვადაა მომსახურების დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, არა უგვიანეს 2025 წლის 10 დეკემბრისა.
  • მერიის მხრიდან დაფინანსებას ექვემდებარება 120 (ას ოცი) განცხადება, მომართვის რიგითობის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
  1. მომსახურების დაფინანსება მოიცავს:
  • „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ მომლოდინეთა რეესტრში მყოფი ბავშვებისათვის – თვეში მაქსიმუმ 12 ვიზიტს;
  • ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ მომლოდინეთა რეესტრში მყოფი ბავშვებისათვის – თვეში მაქსიმუმ 20 სეანსს (მომსახურებების მთლიანი ჯამი);
  • არასრულწლოვნებისათვის, რომელთაც უარი ეთქვათ ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, მაგრამ საჭიროებენ სხვა სახის ინტერვენციებს – თვეში 16 სეანსს, არაუმეტეს 2 სახის მომსახურებისა.
  1. დაფინანსების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
  • განცხადება;
  • მშობლის/წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი;
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • იძულებით გადაადგილებული პირის/ დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/ დევნილის მოსარგებლის შემთხვევაში);
  • იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე მოსარგებლე ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), გაცემული არაუმეტეს 3 თვის ვადისა;
  • ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი;
  • ცნობა სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან“ მომსახურებაში ჩართვის ან უარის შესახებ;
  • შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (1 პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის შემთხვევაში);
  • აქტი, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი; ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის მდგომარეობას). (2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
  • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი („ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში);
  • ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში).