სიახლეები

„ქართული ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ პრეზენტაცია

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვასა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით „ქართული ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგები და გამოვლენილი ტენდენციები. კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის დონე უმჯობესდება და წლიდან-წლამდე მატულობს სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა, რაც ძირითადად სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებული მექანიზმებისა და პროგრამების დანერგვას უკავშირდება. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული ენის მაღალ დონეზე შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად, კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით გაგრძელდება კონსოლიდირებული ძალისხმევა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობები და 2030 წლისთვის დასახული გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები წარმატებით იქნას მიღწეული.
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის მნიშვნელობაზე, დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა.
კვლევის შედეგების შესახებ მოკლე ანგარიში დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის „საზოგადოებრივი დამცველის“ მიერ მომზადდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.