
სიახლეები
ღვთაებობა 2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.
ღვთაების სახელობის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი ესწრებოდნენ.
დღესასწაულის ფარგლებში ასევე გაიმართა სპორტული ღონისძიებები ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
შეჯიბრებაში გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ 29 აგვისტო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის დღესასწაულია – სწორედ ეს წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა საქართველოში VI საუკუნეში 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, წმინდა ანტონ მარტყოფელმა, რასაც უკავშირდება „ღვთაებობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა.