
სიახლეები
2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალური პროგრამები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივ მცხოვრებლებზე ზრუნვაა, – ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა 2026 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ამჟამად 25 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს.
„ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი იმ სოციალურ პროგრამებს ეთმობა, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 25 მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვქმნით მყარ მხარდაჭერის სისტემას შშმ პირებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ახალშობილებისა და მათთვის, ვისაც განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის არც ერთი მცხოვრები არ დარჩეს ყურადღების მიღმა და ყველას ჰქონდეს ხარისხიან სამედიცინო, თუ სოციალურ სერვისებზე წვდომა,“ – აღნიშნა დავით კარგარეთელმა.
2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების პრეზენტაცია ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლებმა მერიის შეხვედრების დარბაზში გამართეს და მას, მერთან ერთად, მერის მოადგილე ფუად მირზოევი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია იმ ცვლილებებს შეეხებოდა, რომლებიც მიმდინარე წლიდან ამოქმედდა.