შეხვედრა ნაზარლოსა და ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა ნაზარლოსა და ქესალოს უფროსკლასელ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილესთან დუნიამალ გაჯიევთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან რაფი ორუჯოვთან ერთად დაესწრო.
სკოლის მოსწავლეებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი პროექტი გააცნეს, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტ „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით გაიარონ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მათ დამდეგი ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირება შესთავაზა.
გაცნობებთ, რომ „1+4 საგანმანათლებო პროგრამა“ ითვალისწინებს აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებასა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსს, რის შემდგომაც სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე სტაჟირების პროცესში ჩაერთონ.
შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.