სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი გარდაბანში

სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი გარდაბანში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში იმყოფებოდა, სადაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ხარაბაძესთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერ, დავით კარგარეთელთან ერთად, სახელმწიფო მხარდაჭერით გაშენებული ბაღები დაათვალიერა და ქვემო ქართლში მაცხოვრებელ ფერმერებს შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვემო ქართლს ვაშლის, ატმის, ვაშლატამას, კაკლოვნების და სხვა პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის გამოყენების მიზნით, სახელმწიფომ ქვემო ქართლის რეგიონში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება 4600 ჰექტარზე მეტ ფართობზე 30 მლნ ლარზე მეტით დააფინანსა. შედეგად, ქართული ვაშლი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს აკმაყოფილებს და ექსპორტზეც აქტიურად გადის.
შპს „Cadel Business“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.
სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით კომპანიამ რამდენიმე წლის წინ ვაშლის ბაღი 11,2 ჰექტარზე გააშენა, რისთვისაც 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ბაღის გაშენებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში აგროსესხმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პროგრამით „დანერგე მომავალი“ მეწარმემ 100,000 ლარის თანადაფინანსება მიიღო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რწმუნებულთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში კომპანია „სმარტ ფიდის“ კომბინირებული საკვების საწარმოს შესაძლებლობებს და სამუშაო პროცესს გაეცნო.
შპს „სმარტ ფიდი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ 2023 წელს კომბინირებული საკვების საწარმოს შექმნისათვის 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 400,000 ლარი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით მოპოვებული რესურსია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 700,000 ლარს შეადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე, ლაშა დოლიძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გიგა ნამიჭეიშვილი, პარლამენტის წევრი, ირაკლი შატაკიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული და საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური იმყოფებოდნენ.