საუკუნის პროექტი

24 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან ერთად, სოფელ ხაშმში ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტს გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეაფასეს.
მუნიციპალიტეტის მერი მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილი დარჩა. მისი განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი სრული დატვირთვით მიმდინარეობს და პირველი ეტაპი დაახლოებით მაისში დასრულდება.
„ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 30 000 მოსახლეს სასმელი წყლის პრობლემას მოუგვარებს“ – აღნიშნა რამაზ ბუდაღაშვილმა.
პროექტის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენი სადგურისა და შემკრები კოლექტორის მშენებლობა, გზების მოხრეშვა და 500 ტონიანი მოცულობის რეზერვუარის მოწყობა. უკვე გაკეთებულია ერთი ბეტონის და ოთხი მიწის წყალგამყვანი არხი.
პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად ხაშმიდან სოფელ სართიჭალაში გადაინაცვლა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამ ეტაპზე კულტურის სახლის დარბაზის რეკონსტრუქცია და ძიუდოს დარბაზის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი საერთო ღირებულება 84 847 ლარს შეადგენს.
პროექტების მიმდინარეობა მერმა დადებითად შეაფასა.