გარდაბნის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა

8 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ გარდაბნის №3 საჯარო სკოლის დარბაზში, გარდაბნის ეტალონი მოსწავლის გამოსავლენად ინტელექტ-შეჯიბრი გაიმართა, სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 82 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო გვარამაძე სხვა ადგილობრივ თანამდებობის პირებთან ერთად დაესწრნენ.
შეჯიბრის დაწყებამდე, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის სამომავლო გეგმები გააცნო და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პროექტის ავტორმა გასული წლის გარდაბნის ეტალონის გამარჯვებულს, სართიჭალის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ პაქსაშვილს სპეციალური საჩუქარი გადასცა.
ინტელექტუალურმა თამაშმა საათნახევარი გასტანა და დაძაბული შეჯიბრის შემდეგ, „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული სართიჭალის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი გენგაშვილმა მოიპოვა. მან 67 წამში 85 ქულა დააგროვა და გარდაბნის ეტალონი მოსწავლე გახდა.
შეჯიბრი ტრადიციულად საქართველოს ჰიმნით დასრულდა. კონკურსანტებს სამახსოვრო დიპლომები გადაეცათ.
გოჩა ტყეშელაშვილი, პროექტ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი:
დღეს 82 ბავშვი იღებდა მონაწილეობას ინტელექტუალურ შეჯიბრში და მინდა გითხრათ, რომ შედეგებით გაოცებული და უზომოდ კმაყოფილი ვარ. რეიტინგის მიხედვით გარდაბნელმა ბავშვებმა მაღალი შედეგები აჩვენეს. ერთ-ერთმა 49 წამში 80 ქულა დააგროვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი:
“ასეთი პროექტების არსებობა არა მარტო მუნიციპალიტეტისთვის, არამედ ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გამოვლინდნენ საუკეთესოები საუკეთესოთა შორის. ამით მოზარდები ჯანსაღ კონკურენციას სწავლობენ და ცხოვრების მანძილზე არ ეპუებიან არანაირ ჯანსაღ დაბრკოლებას. ჩვენ თითოეულ მათგანს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ხოლო გამარჯვებულს სამომავლოდ მუნიციპალიტეტისგან კარგი საჩუქარი ელოდება, რასაც ამ ეტაპზე სიურპრიზად დავტოვებთ”.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა, გამარჯვებულს მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავარი მონაწილეობაა და არც ერთი მათგანი არ არის დამარცხებული. მან მადლობა გადაუხადა გოჩა ტყეშელაშვილს და წარმატებები უსურვა.
ეს გამარჯვება არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი პედაგოგების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. საოცარი გრძნობაა, როცა ამდენ კონკურსანტში ხდები გამარჯვებული. ყველანაირად ვეცდები საქართველოს ეტალონი მოსწავლის ფინალურ ტურში მუნიციპალიტეტი ვასახელო – განაცხადა „გარდაბნის ეტალონი მოსწავლემ” გიორგი გენგაშვილმა.