სიახლეები

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

20 მარტს ქალაქ გარდაბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული აღნიშნეს. ე.წ „გრესის მოედნიდან“ თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო, სადაც ,,გაზაფხულის გოგონამ“ და თეატრალურ ფორმებში გამოწყობილმა აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის შემოსვლა ახარეს.
კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა შეჯიბრი ნარდში. ე.წ „გრძელი ნარდში“ პირველ ადგილს გუსეინ გასანოვი დაეუფლა, ხოლო მეორე ადგილს დასჯერდა ზახიდ გუსეინოვი. რაც შეეხება სტანდარტულ ნარდს, ფინალურ მატჩში იასინ ორუჯოვმა დავით ჯანაშია დაამარცხა. პირველ-მეორე ადგილის მფლობელები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ – ზაურ დარგალმა, მერის მოადგილემ – დუნიამალ გაჯიევმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – რაფი ორუჯოვმა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ ჯანხოთელმა დააჯილდოვეს.
სადღესასწაულო ღონისძიება დასკვნითი კონცერტით დასრულდა, რომელშიც ძმები გაჯიევები, ანარ ესგეროვი, ეინარ ბალაკიშიევი, აჩიკო ნიჟარაძე, მარიამ ელიაშვილი, ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლები „სვანთა“ , „თეთნულდი“ და აზერბაიჯანული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჯეირანი“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, გუბერნატორი მოადგილეები – ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ნოვრუზ ბაირამის სადღესასწაულო ღონისძიებები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.