ახალი სამგორის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
3 600 000 ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
440 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა.
სკოლა უზრუნველყოფილია კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის ახალი სისტემებით; ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის; ფუნქციონირებს ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.
აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.
ახლადრეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი კუპრავამ, მოადგილე ლევან მუშკუდიანმა, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა მოინახულეს.