გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი
სიახლე

 

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციისთვის ნაშრომების მიღება დაიწყო
07 თებ 2018
 

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით, მოსწავლეთა 72–ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია  ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180–ე წლისთავს მიეძღვნება თემით „ილია ჩვენი თანამედროვე“.

კონფერენციის მიზანია სკოლაში მიღებული ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარის განვითარება,  მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერება-მეცნიერებისა და კულტურის ამა თუ იმ დარგის დასაუფლებლად,  საკვლევი ხასიათის ექსპერიმენტების ჩატარება, ტექნიკური შემოქმედების ნიმუშების დამზადების ჩვევების გამომუშავება, წერილობითი ნაშრომის მომზადება და საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაცვა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო, კერძო, სრული და არასრული სკოლების, გიმნაზიებისა და კოლეჯების VIII - XII კლასების მოსწავლეებს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, სასახლეების, ახალგაზრდული ცენტრებისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების წრეებისა და კლუბების წევრებს.

კონფერენციით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა ნაშრომები უნდა წარადგინონ ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის №73 (საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა,  I სართული).



კონფერენცია ტარდება 3 ეტაპად:


I ეტაპი სასკოლო იანვარი ;

თითოეული მოსწავლე თემას იცავს სკოლის კათედრის სხდომაზე, რის შემდეგაც, კათედრის ხელმძღვანელის წარდგინებით, საუკეთესო ნაშრომები გადადის შემდეგ ეტაპზე განსახილველად. შერჩეულ ნაშრომებს თან უნდა ერთვოდეს თემის ხელმძღვანელის რეცენზია, რომელშიც აისახება ინფორმაცია ავტორის დამოუკიდებელი აზროვნების უნარის შესახებ, განსახილველი საკითხის აქტუალობა, სცილდება თუ არა იგი სასკოლო პროგრამას და ა.შ.

 


II ეტაპი სარაიონოსაქალაქოზონალური თებერვალიმარტი (15 მარტიდან ნაშრომები გადმოიგზავნება მოსწავლე-ახლგაზრდობის ეროვნული სასახლის საორგანიზაციო კომიტეტში);

II ეტაპის ჩატარებას ხელმძღვანელობს მოსწავლეთა სახლები, სასახლეები, ცენტრები ან რესურსცენტრები /შეთანხმების საფუძველზე/, ზონები. ამ ეტაპის ჩატარების შედეგად შერჩეული საუკეთესო ნაშრომები /არაუმეტეს თითო სექციაში 5–ისა/ იგზავნება თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში. წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება წინასწარ შემუშავებული ქულების სისტემით. /იხ.დანართი№ 3 /.


III ეტაპი დასკვნითი მაისი


III ეტაპში მონაწილეობის მისაღებად ნაშრომების ჩამონათვალი უნდა გაფორმდეს სპეციალური ფორმით – განაცხადის მიხედვით და მოგვაწოდოთ ელექტრონული ვერსიაც. /იხ. დანართი №2 /.
სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა ხდება 2 ტურად.



შეფასება
 I  ტური – დაუსწრებელია, წარმოდგენილ ნაშრომებს განიხილავს და შეაფასებს რეცენზენტი. მაქსიმალური შეფასება – 80 ქულა.

  • ნაშრომების რეცენზირების შედეგად მიღებული შეფასება გამოქვეყნდება სასახლის ვებ–გვერდზე ქულების მითითებით.
  • ავტორებს ეძლევათ 10 დღე არგუმენტირებული აპელირებისათვის. /გაითვალისწინეთ–შესაძლოა თავდაპირველად მიღებული შეფასების გაზრდაც და შემცირებაც/.

 მე2 დასკვნით ტურში გადასასვლელად აუცილებელია ნაშრომის შეფასება აღემატებოდეს 70 ქულას.

  • დასკვნით ტურში მონაწილეობის მისაღებად გამოძახებული ავტორები ნაშრომებს დაიცავენ კომპეტენტური ჟიურის წინაშე. სექციაზე საჯარო დაცვა ფასდება 20 ქულამდე. სწორედ ამ შეფასებით გამოვლინდება გამარჯვებული.
  • საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან I და II ხარისხის დიპლომებითა და სიგელებით.


მოთხოვნები საკონფერენციო ნაშრომისადმი
საკონფერენციო ნაშრომის მომზადება გულისხმობს მოსწავლის მიერ თემის შერჩევას, ხელმძღვანელთან კონსულტაციებსა და დამოუკიდებელ მუშაობას, განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებასა და კრიტიკულ ანალიზს.


1. წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს თაბახის ფურცელზე გვერდების ნუმერაციით. ელექტრონული ვერსია 5–15 გვერდი , შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა – 12, ინტერვალი – 1,5; ხელნაწერი ვერსია 8–25 გვერდი.
2. სატიტულო გვერდი /ქართულ ენაზე/ (იხ.დანართი №1 გვ)
3. მომდევნო გვერდზე – ნაშრომის გეგმა.
4. ძირითადი ტექსტი /შესავალი, ავტორის მიერ მიღებული შედეგები და მათი განსჯა, დასკვნა/
შეფასების კრიტერიუმები
1. თემის აქტუალობა, ორიგინალურობა, შემოქმედებითობა;
2. მოძიებული საჭირო ინფორმაციის კრიტიკული გააზრება;
3. საკუთარი დამოკიდებულება, ხედვა და დასკვნა;
4. ნაშრომს უნდა ახლდეს ბიბლიოგრაფია ან გამოყენებული ლიტერატურის სრული ნუსხა.
5. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ნაშრომის არგუმენტირებული დაცვა.
6. თემას უნდა ჰყავდეს ერთი ავტორი ან ავტორთა ჯგუფი /არაუმეტეს 2–ისა/ ასეთ ნაშრომში გამოკვეთილი უნდა იყოს თითოეული მოსწავლის როლი.


ნაშრომი არ განიხილება და არ შეფასდება:

ü  თუ ზუსტად არ იქნება მითითებული რომელ სექციას ეკუთვნის იგი;

ü  თუ ნაშრომი არ აკმაყოფილებს დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ü   პლაგიატი–პუბლიკაციებიდან, სახელმძღვანელოებებიდან თუ ინტერნეტიდან უცვლელად გადმოტანილი, უკომენტარო მასალები ან ამონარიდები;

ü   წინა კონფერენციებში უკვე წარმოდგენილი თემები;

ü  თუ არ იქნება დაცული წერის კულტურა /გაურკვეველი ხელწერით შესრულებული ნაშრომი/.

 


             მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე იმუშავებს:

             ქართული ენის სექცია

  • ნაშრომების ავტორებს მოეთხოვებათ გრამატიკული ნორმების ცოდნა. თემაში არ უნდა შეინიშნებოდეს სინტაქსურ-მორფოლოგიური, სტილისტურ - ორთოგრაფიული, პუნქტუაციური თუ სხვა სახის შეცდომები.
  • ავტორებს შეუძლიათ დააკვირდნენ, შეისწავლონ ნებისმიერი კლასიკოსისა თუ თანამედროვე მწერლის ენა, დიალექტური მეტყველება, ლექსიკა, ასევე მწერლისეული აზრის გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების გამოყენება ნაწარმოებში.
    ძალზე საჭირო და დროულია ონომასტიკური მასალის მოძიება-ტოპონიმები იქნება ეს თუ ანთროპონიმები. მოსწავლემ უნდა შეისწავლოს სამიწათმოქმედო ადგილთა, მატერიალური კულტურისა და ბუნების ძეგლთა სახელები, ჰიდრონიმიკური სახელწოდებები. ამა თუ იმ ქალაქისა თუ სოფლის მცხოვრებთა საკუთარი სახელები, გვარები, მეტსახელები, ასევე ზოონიმები, ანუ ცხოველთა სახელები და ა.შ. სასურველია, თემის ავტორები დააკვირდნენ თანაქალაქელთა, თანასოფლელთა საუბარს, შეარჩიონ და გაანალიზონ ის ლექსიკური ერთეულები, რომლებიც მხოლოდ მათი კუთხის მცხოვრებთა მეტყველებისათვისაა დამახასიათებელი, შეაჯერონ სალიტერატურო ქართულ ენასთან.
    მასალის ჩაწერისას უნდა აღინიშნოს ადგილის სრული სახელი, ძველი სახელწოდებაც.
  • თითოეულ ერთეულს /სახელს/ უნდა გაუკეთდეს გრამატიკულენოვანი ანალიზი.

 


           ლიტერატურის სექცია

  • ნაშრომმა უნდა გამოავლინოს ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და თემების ურთიერთკავშირი, შედარებითი ანალიზი, მოსწავლის მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება–დამუშავების, შემოქმედებითი ანალიზისა და დასკვნების გამოტანის უნარი. გვიჩვენოს რამდენად ძალუძს მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. წარმოაჩინოს ნაწარმოებში ასახული პოზიციის, პრობლემატიკის, ფასეულობების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, დამხმარე ლიტერატურის შემოქმედებითად გამოყენების უნარი, მსჯელობის ორიგინალურობა, ლოგიკური თანმიმდევრობა და ა.შ.

 

             ფოლკლორის სექცია

  •  მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს მის მიერ შეგროვილი ხალხური სიტყვიერების ნიმუშები: ამბავი, ავტობიოგრაფია (მთქმელის მონათხრობი საკუთარ თავზე), ამინდის (საწესჩვეულებო), ანდაზა, ანდერძი, გადმოცემა, ანეკდოტი, არაკი, აფორიზმი, ბალადა, გაბაასება, გათვლა (საბავშვო) გალექსება, გაშაირება, გამოცანა, დალოცვა (საწესჩვეულებო), დამწყალობება, ენის გასატეხი (საბავშვო), ეპიტაფია, კალენდარული (წელიწადის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რიტუალთან დაკავშირებული ლექსი, სიმღერა), კაფია, ზღაპარი, ლეგენდა, თქმულება, ლექსი, მახვილსილტყვაობა, მითოლოგიური გადმოცემები, ხმით ნატირალი. შელოცვა-გამოლოცვა, საბავშვო ხალხური თამაშები, სიზმრის ახსნა, საშინელებანი, სოციალური, ტაბუ, ცოცხალი ტყუილი (საბავშვო), წყევლა (საწესჩვეულებო), ჭირისწყენა - ხევსურეთში-მისამძიმრება-გარეშე პირისა და ჭირისუფლის დიალოგი.
  •  ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებაში ხალხური სიტყვიერების ნიმუშთა გამოყენების ანალიზი.
  •  ხალხური ზნე-ჩვეულებების, რიტუალების, ტოპონიმების თუ სხვა ეთნოგრაფიული რეალიების აღწერა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ ახლავს ფოლკლორული ტექსტი (ამბავი, თქმულება, ლეგენდა და ა. შ); სხვა შემთხვევაში წარმოდგენილი ნაშრომი არ განიხილება.
  •  ნაშრომს შეიძლება თანდართული ჰქონდეს დამატებითი მასალა (ვიდეო, აუდიოჩანაწერი, ნახატი, ფოტომასალა და სხვა);

 


             უცხო ენების სექცია

  • (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ესპანური);
  • კონფერენციაზე წარმოდგენილმა ნაშრომმა უნდა გამოავლინოს უცხო ენების ცოდნის და გამოყენების დონე. ნებისმიერი ხასიათის უცხენოვანი ტექსტის გაგების, დამუშავების, გაანალიზების, საკუთარი აზრის უცხო ენაზე გადმოცემის უნარი. აგრეთვე თანმიმდევრული თხრობის, აღწერის, აზრის დასაბუთების, მშობლიური ლიტერატურის ნიმუშთან თუ გარემოსთან (დღესასწაულები, ზნე–ჩვეულებები, რიტუალები) მსგავსება – განსხვავებისა და თავისებურებების ანალიზის უნარი.
  • ნაშრომი შეიძლება ასახავდეს პიროვნულ განცდებს, გატაცებებს, შეხედულებებს ამა თუ იმ ფაქტთან და მოვლენასთან დაკავშირებით. დამოკიდებულებას საყვარელ პერსონაჟთან, სპორტსმენთან, საკუთარ ქალაქსა თუ სკოლასთან.
  • შეიძლება წარმოდგენილი იქნას თარგმანი ქართულიდან უცხო ენაზე და პირიქით. (უპირატესობა პირველს მიენიჭება). თარგმანს თან უნდა ახლდეს პირველწყარო.
    ყურადღება მიექცევა წერის კულტურას, გრამატიკულ და ორთოგრაფიულ შეცდომებს, ლექსიკური მარაგის სიმდიდრეს, ტექსტის მოცულობასა და სირთულის დონეს მოსწავლის ასაკთან შესაბამისობაში.
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს უცხო ენაზე, ხოლო თავფურცელი უნდა გაფორმდეს აუცილებლად ქართულად.

 


            მათემატიკის სექცია

  • სექციაზე წარმოდგენილ ნაშრომთა თემატიკა შეზღუდული არ არის, შესაძლებელია იყოს როგორც წმინდა, ასევე გამოყენებითი მათემატიკის სფეროდან. ნაშრომის თემა უნდა სცილდებოდეს სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ არა იმდენად, რომ არ შეესაბამებოდეს მოსწავლის ასაკს.
  • განსაკუთრებით წახალისდება კვლევითი ხასიათის ნაშრომები, რომლებშიც ავტორები შემოგვთავაზებენ მათემატიკურ ლიტერატურაში მოცემული მაგალითის, მეთოდის, იდეის არასტანდარტულ გადაწყვეტას. ავტორმა შემოქმედებითად უნდა გამოიყენოს ლიტერატურა და გამოავლინოს შემეცნებითი საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
    ნაშრომში მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი: ნაშრომის მიზანი (პრობლემის დასმა), დასმული პრობლემის გადაჭრის გზები (პრაქტიკული მაგალითების ჩვენებით), გამოყენებული მათემატიკური ტერმინების განმარტებები, მეთოდების აღწერა, დებულებათა დამტკიცებები, შედეგების ანალიზი (დასკვნა).

 


           ინფორმატიკის სექცია

  • სექციაზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ხასიათის ნაშრომები: მოსწავლის მიერ დაპროგრამების ერთ-ერთ ძირითად ენაზე დაწერილი კომპიუტერული პროგრამა, აწყობილი და დაპროგრამებული რობოტი, სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნის ეფექტური ალგორითმები და ორიგინალური მეთოდები, ალგორითმების შედარებითი ანალიზი და ა.შ.
  • ავტორმა უნდა წარმოადგინოს დისკზე ჩაწერილი პროგრამა (სრული ან სადემონსტრაციო ვერსია) და ანოტაცია. ანოტაციაში აღწერილი უნდა იყოს პროგრამის დანიშნულება, მიზანი, პრაქტიკული ღირებულება, პროგრამის შექმნისათვის გამოყენებული მეთოდებისა და ალგორითმების აღწერა, პროგრამის მუშაობისთვის საჭირო რესურსები.

 

 

           ისტორიის სექცია

  • მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნებისმიერი პერიოდიკის როგორც მშობლიური, ისე მეზობელი ქვეყნების, რეგიონებისა თუ მსოფლიო ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი ნაშრომი: მაგ: საქართველოს ისტორიის ამსახველი ნაშრომი შეიძლება ასახავდეს საგვარეულოთა ისტორიას, საინტერესო პიროვნებათა ცხოვრებას, საკუთარი სოფლის, დაბის, ქალაქის თუ მხარის როგორც ზოგადი, ისე მატერიალური კულტურის ძეგლის ისტორიას და ა. შ. შესაძლოა ნაშრომი დაეთმოს ისტორიის რომელიმე დამხმარე დისციპლინას-ნუმიზმატიკა, ჰერალდიკა, ბონისტიკა და ა.შ.
  • მისასალმებელი იქნება არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობაში ავტორის პირადი მონაწილეობის ამსახველი ნაშრომის წარმოდგენა ან იმგვარ ისტორიულ პრობლემებზე მსჯელობა, რომელიც დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

 


           ეთნოლოგიის სექცია

  • წარმოდგენილ ნაშრომში ყურადღება გამახვილდება მშობლიური ქვეყნის, მხარის, ქალაქის, სოფლის, დაბის მკვიდრთა ძველი და თანამედროვე ყოფის ზნე-ჩვეულებების ამსახველ ნიმუშებზე, ხალხურ ტრადიციებზე, დასახლების ტიპებსა და არქიტექტურაზე, ეზო-კარმიდამოზე, საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელ ნაგებობებზე.
  • შინამრეწველობის ტრადიციებზე /მეთუნეობა, ქვის, ხის, ლითონის, მატყლის, ტყავის... დამუშავება/, სახალხო დღეობებსა და დღესასწაულებზე. ნაშრომში შესაძლოა წამოდგენილი იყოს ქართველებისა და კავკასიელი ხალხების ყოფა-ცხოვრების შედარებითი კვლევა.

 


           გეოგრაფია-გეოლოგიისა და ტურიზმის სექცია

  • ნაშრომში შესაბამისი ფორმით უნდა აისახოს მოსწავლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, აღნიშნული მიმართულებით კვლევისთვის აუცილებელი მეთოდების გამოყენებით.
  • 1)გეოგრაფია-გეოლოგია
    სასურველია, შესასწავლად მოსწავლემ კარგად ნაცნობი მცირე ტერიტორია შეარჩიოს. ნაშრომში ყურადღება გამახვილდება საკუთარი ქალაქის, სოფლის, რაიონის გეოგრაფიულ გარემოზე. დემოგრაფიულ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ კვლევაში უნდა ჩანდეს ავტორის ინფორმირებულობა მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების, მიგრაციული პროცესების, ეკონომიკური აქტივობის, ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობის შესახებ. სასურველია ავტორის პირად გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს ემყარებოდეს ბუნების ძეგლების (კარსტული მღვიმეები, მყინვარები) ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიასთან დაკავშირებული კვლევები; ატმოსფეროსა და ჰიდროქსელის (მდინარეები, ტბები, ჭაობები, ჩანჩქერები, მიწისქვეშა წყლები), გლობალური კლიმატური ცვლილებების შესწავლისადმი მიძღვნილი ნაშრომები. სასურველია ასევე, გეოლოგიურ კვლევაში მოსწავლემ ასახოს მშობლიურ მხარეში არსებული ქანების აგებულება, წარმოადგინოს ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის, საბადოებისა და მინერალური რესურსების შესახებ. ნაშრომში უნდა ჩანდეს ავტორის მიერ ადგილზე ჩატარებული კვლევის შედეგები, წარმოდგენილი უნდა იყოს გეოლოგიური მარშრუტის აღწერა. მისასალმებელი იქნება თუ ნაშრომს დაერთვის ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები. მინერალების ნიმუშებს მითითებული უნდა ჰქონდეს ზუსტი დასახელება, მოპოვების ადგილი და დრო, მკვლევარის ვინაობა.
  • 2)ტურიზმი
    წარმოდგენილი ნაშრომი უნდა ასახავდეს მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარებულ ექსკურსიებს, ლაშქრობებსა და მოგზაურობებს. კვლევას თან უნდა ახლდეს ტურისტული მარშრუტებისა და ობიექტების (ისტორიული ღირსშესანიშნაობები და ბუნების ძეგლები) აღწერილობა, ფოტო და ვიდეო მასალა, ჩანახატები. ყურადღება უნდა გამახვილდეს გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. კარგი იქნება, თუკი კვლევაში წარმოჩენილი იქნება ცნობილ ალპინისტთა და მოგზაურთა მოღვაწეობა და მიღწევები. ნაშრომში უნდა ჩანდეს მოსწავლს თვითშემოქმედება, ლაშქრობა-მოგზაურობის მიზანი, გადმოცემული უნდა იყოს ნანახით განცდილი შთაბეჭდილებები, საველე პირობებში დაბრკოლებათა გადალახვის გამოცდილება.

 


             საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულება, ბიოლოგიის სექცია

  • საკითხები ბიოლოგიურ მეცნიერებათა დარგებიდან: ბუნების დაცვის მეცნიერული საფუძვლები და ეთნოგრაფიული ტრადიციები. ბიომრავალფეროვნების, ბუნებრივი ძეგლების, ნაკრძალების და სხვა ლანდშაფტების შესწავლა; ადგილობრივი ,,წითელი წიგნის“, ,,წითელი ნუსხის შედგენა“, ბიოტექნოლოგიის საფუძვლები.
    საკითხები მედიცინის დარგებიდან (ექსპერიმენტული ბიოლოგია, ბიოლოგია, ზოოლოგია, ბოტანიკა, გენეტიკა-სელექცია, ციტოლოგია, ვირუსოლოგია, ჰისტოლოგია, მიკრობიოლოგია, ანატომია-ფიზიოლოგია, გენეტიკა, ბიოქიმია, ბიოფიზიკა და ა. შ).
    საქართველოს ეკოსისტემები: ბიოცენოზი, მცენარეთა და ცხოველთა ეკოლოგიური ჯგუფები, ანთროპოგენური ფაქტორის გავლენა ბიომრვალფეროვნებაზე. გარემოს დაბინძურების ფაქტორები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები.
    გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის აქტუალური პრობლემები. გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების ინტეგრირება, კვლევითი და გამოყენებითი მიზნების ანალიზი.
  • სასურველია, ნაშრომი ასახავდეს ადგილობრივი გარემოს პრობლემებს და საჭიროებებს. (სანაპირო ზოლის, ტყის მასივის შენარჩუნება, რაციონალური გამოყენება, გარემოს ხარისხი, ჯანმრთელობა და ა.შ.). ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებსა და საშუალებებს.
  • საკითხები სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებიდან: ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და ინტროდუქცირებული მცენარეების, ხეხილის, ვაზის, ხორბლის უძველესი ჯიშების შესწავლა, დაცვა, აღდგენა. ბიომეურნეობები, სათბურის, ოთახის, ღია გრუნტის მცენარეები. ნიადაგები, ნიადაგების ეროზიის გამომწვევი მიზეზები.
  • ნაშრომი უნდა ავლენდეს მოსწავლის დამოუკიდებელი, შემოქმედებითი საქმიანობის ჩვევებს, პრაქტიკული საქმიანობის (ცდის, ექსპერიმენტის დაყენების) და მიღებული შედეგების ანალიზის უნარს.
  • ნაშრომს უნდა ახლდეს მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს ამსახველი თვალსაჩინო მასალა: ფოტოები, სლაიდები, ტაბულა-დიაგრამები, ილუსტრაციები, ჩანახატები, სქემები, ჰერბარიუმები, ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული მხატვრული ნაკეთობები და სხვა.

 

           ქიმიის სექცია

  • ნაშრომმა უნდა გამოავლინოს მოსწავლის ინტერესი სამეცნიერო საქმიანობისა და კვლევისადმი. იგი უნდა ასახავდეს თანამედროვე ქიმიის მიღწევებს, ავლენდეს მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარს. თეორიული მასალა დაკავშირებული უნდა იყოს პრაქტიკულ საქმიანობასთან, შეიცავდეს ჩატარებული ცდა-დაკვირვების, ექსპერიმენტის აღწერა-ანალიზს.
  • სექციაზე არ მიიღება თვითნაკეთი ხელსაწყო თანდართული რეფერატის გარეშე, რომელშიც ასახული იქნება ხელსაწყოს შექმნის იდეა. მისი მიზანი და უპირატესობა სხვა ანალოგიურ ხელსაწყოსთან შედარებით (თუკი ასეთი ხელსაწყო არსებობდა). ნაკლებად ღირებულია მხოლოდ ფაქტობრივი მასალით შემოფარგლული აღწერითი ხასიათის ნაშრომი; უპირატესობა ენიჭება ნაშრომს, რომელიც შეიცავს მოსწავლის ორიგინალურ ხედვას, მსჯელობას თანამედროვე ქიმიაში მომხდარ ცვლილებებზე, სიახლეებზე, ქიმიის მნიშვნელობაზე სახალხო მეურნეობაში, მედიცინაში, ყოფა-ცხოვრებაში და სხვა.


            ტექნიკისა და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულება
            საინჟინრო გრაფიკისა და არქიტექტურის სექცია

  • მოსწავლემ ნაშრომის თემად შეიძლება შეარჩიოს კომპიუტერული გრაფიკისა და დიზაინის, არქიტექტურული და საინჟინრო ხასიათის საკითხები. შესაძლებელია ერთ თემაში სამივე ხასიათის საკითხი იყოს წარმოდგენილი. მთავარია, რომ განსახილველი საკითხი მოსწავლის აზროვნებაში იყოს გარდაქმნილი და ახალი ინტერპრეტაციით წარმოდგენილი.
  • ნაშრომში თემის დასახელების შემდეგ, მოცემული უნდა იყოს მოკლე შინაარსი - ანოტაცია, მოხსენების სრული ტექსტი. ჩართული ნახაზები შესრულებული უნდა იყოს მკაფიოდ, სახაზავი ხელსაწყოების გამოყენებით. იგივე ნახაზები უნდა გაფორმდეს პლაკატების სახითაც, სასურველია არქიტექტურული ნაშრომის გამდიდრება ფოტოსურათებით და სქემების ქსეროასლებითაც.

 


                      

            ასტრონომიის სექცია

  • სექციაზე წარმოდგენილი ნაშრომი შეიძლება ნებისმიერ ასტრონომიულ საკითხს ეხებოდეს (ასტრონომიული მეცნიერების შესწავლა-განვითარების პრინციპები და პერსპექტივები, საჭიროება და პრაქტიკული მნიშვნელობა, თანამედროვე მიღწევები, მეცნიერული კვლევის შედეგები, ახალი აღმოჩენები და ა.შ.). რეფერატული ხასიათის ნაშრომს ღირებულებას ანიჭებს განსახილველი საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომა და ორიგინალური მსჯელობა.
  • გამორჩეული ყურადღება ექცევა პრაქტიკული ხასიათის ნაშრომს, რომელიც ასახავს მოსწავლის მიერ ჩატარებულ მარტივ ასტრონომიულ ცდას თუ დაკვირვებას, მიღებული შედეგების ანალიზს.

 

 

          ფიზიკისა და რადიოელექტრონიკის სექცია

  • მოსწავლე არ იზღუდება თემატიკით. მთავარია ნაშრომი უნდა ავლენდეს მოსწავლის ინტერესს შემეცნებითი საქმიანობისა და მეცნიერული კვლევისადმი. ნაშრომში უნდა ჩანდეს საგნის ცოდნა, დამოუკიდებელი აზროვნება, შემოქმედებითი მიდგომა საკითხისადმი, მისი სიღრმისეული და საფუძვლიანი ანალიზი ფიზიკის თვალთახედვით, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების დარგში ფიზიკის საგნის ფუნდამენტური მნიშვნელობა და მისი როლი სწორი მსოფლმხედველობრივი ორიენტაციის ჩამოყალიბებაში.
  • რადიოელექტრონიკის სექციაში წარმოდგენილი ნაშრომი უნდა ავლენდეს მოსწავლის ინტერესს თანამედროვე ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების მიმართ. უნდა ეფუძნებოდეს თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის სიღრმისეულ ანალიზს. საინტერესოა ყურადღების გამახვილება თემებზე: თანამედროვე მიმღები და რადიოგადამცემი, ციფრულ-ინფორმაციული ტექნიკის მოწყობილობები, ელექტროგამზომი, სათამაშო და სამედიცინო დანიშნულების აპარატურა.
  • წარმოდგენილ პრაქტიკულ ნაკეთობას თან უნდა ახლდეს დეტალური აღწერილობა და ელექტრონული ბლოკ სქემების ნახაზი.

 


            ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება
            (აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო, სახვითი და გამოყენებითი)

  • მოსწავლეს შეუძლია თემაში ასახოს ქართულ ხელოვნებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები /ახალი სპექტაკლები, საგამოფენო დარბაზების გახსნა და სხვა/; თეატრალური წარმოდგენის ცალკეულ სახე–პერსონაჟთა დახასიათება–ანალიზი; ქართული ხალხური სიმღერების, თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების განხილვა–შეფასება. მსოფლიო და ქართული ხუროთმოძღვრების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის /ცალკეულ ნიმუშებთან, მხატვრის შემოქმედებასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან და მოვლენასთან, ძეგლთა დაცვის პრობლემატიკასთან და თანამედროვე ნამუშევრებთან დაკავშირებული/ საკითხები; ასევე, გამოაგზავნოს საკუთარი /ან სხვა/ ქალაქის, რაიონის, სოფლის ღირსშესანიშნავი ძეგლების და ხელოვანთა შესახებ თხზულება. სასურველია თხზულებაში მკაფიოდ ჩანდეს ავტორის დამოკიდებულება განხილული საკითხისადმი და ახლდეს თემატიკის შესატყვისი თვალსაჩინოება. სექცია არ განიხილავს მხოლოდ ფერწერულ ნამუშევრებს, ხელსაქმის ნიმუშებს და გამოყენებითი ხელოვნების ნაკეთობებს, თუ მათ არ ახლავთ სათანადო ანალიზი და განხილვა.

        აუდიოვიზუალური ნაშრომი ხელს უწყობს კინო და ფოტოხელოვნების განვითარებას;

  •  მოსწავლეებმა უნდა გამოაგზავნონ თეორიული ნაშრომი ფოტოხელოვნებასთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს გამდიდრებული ფოტონამუშევრებით (18/24) ზომით.
  • სექციაზე მიიღება მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ვიდეოფილმები 10 წუთის ხანგრძლივობით.
  • კონფერენციაზე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს თეორიული ნამუშევრები; (სცენარი, ჩანახატი, კინომოღვაწის პორტრეტი /ქართული, უცხოური/, ფილმების განხილვა;)
  • დასკვნით ტურზე მოწვეულნი იქნებიან ქართული კინოს გამოჩენილი მოღვაწენი, მოეწყობა მათთან შეხვედრა–საუბრები, კონსულტაციები.
  • გამარჯვებული ფილმები წარდგენილი იქნება საერთაშორისო ფესტივალზე.

 

           მედია და მასობრივი კომუნიკაცია

  • წარმოდგენილი ნაშრომი უნდა ასახავდეს საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებს, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას, ეხებოდეს თანამედროვეობას, იყოს ახალი, უცნობი დეტალებით დატვირთული. კარგი იქნება, კონფერენციის მონაწილემ მუშაობის დაწყების წინ გაითვალისწინოს და პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
    1) რას შევთავაზებ და დავწერ ახალს?
    2) რატომ არის ჩემს მიერ შერჩეული თემა მნიშვნლოვანი?

     ნაშრომის ფორმა

  •     ნაშრომი შეიძლება შესრულდეს ჟურნალისტიკის ჟანრში: ინტერვიუ, რეპორტაჟი, კორესპონდენცია და ა. შ. ასევე, ერთ ნაშრომში გამოყენებული იქნას სხვადასხვა ჟანრი.
  •     შესაძლოა ნაშრომი ეხებოდეს ჟურნალისტიკის ნებისმიერ დარგს - ბეჭდური, რადიო, ტელე-ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, ასევე პიარი.
  •  ნამუშევარი შესაძლებელია წარმოადგენდეს სხვადასხვა პერიოდული ჟურნალ-გაზეთების, სტატიების, ტელე-რადიო კომპანიების, არსებული გადაცემების ანალიზს, მედია ეთიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საკითხებს.
  • პრიორიტეტულია საავტორო გადაცემების, მოსწავლეთა მიერ შექმნი ლი ჟურნალ-გაზეთების, აუდიო ან ვიზუალური სიუჟეტების წარმოდენა. აღნიშნული ნამუშევარი ასევე უნდა შეიცავდეს დანართს, სადაც აღწერილი იქნება მუშაობის პროცესი.
  •  წარმოდგენილ ნაშრომებში უნდა ჩანდეს არგუმენტირებული მსჯელობა, სხვადასხვა მხარის მოსაზრება, წყაროების მითითება, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი პრობლემა და მისი დაძლევის გზები.

 


           საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალმცოდნეობის სექცია

  • ნაშრომში შეიძლება აისახოს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები, თანამედროვე დიპლომატიის მიღწევები, საერთაშორისო გამოწვევები და ა.შ. საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობის შედეგები (სასურველია - კონკრეტული მაგალითებით). საქართველოს ,,გაეროს“ ოფისი, ,,იუნისეფი“, ,,ეუთო“, ,,ამქორი“ ,,გადავარჩინოთ ბავშვები“ და სხვა) ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ახალგაზრდული ორგანიზაციიების (კლუბების) საქმიანობა. ევროპული და ქართული ტრადიციების, ღირებულებების და ადათ-წესების შედარება, ევროპაში მოღვაწე ქართველები. ფიქრი სამშობლოზე-ემიგრანტთა ცხოვრება. ადამიანი დემოკრატიულ სახელმწიფოში და მისი უფლებები. კავკასია ჩვენი საერთო სახლია.
  • თანამედროვე მოქალაქე. მოქალაქეობრივი მოვალეობანი დემოკრატიულ საქართველოში. სამოქალაქო პრობლემები და მასთან ბრძოლის კონკრეტული მაგალითები. (ძალადობა, გენდერული უთანასწორობა, სოციალური ჩაგვრა და სხვა). საკუთარი იდეით შექმნილი პროექტი (სრულფასოვანი). პირადი წინსვლის ეტიმოლოგია.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების როლი კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. კონფლიქტის მოგვარების გზების პირადი ვერსია. მშვიდობის, თანხმობის და ურთიერთთანამშრომლობითი საქმიანობის ასახვა. მოძალადის მიერ კანონით მინიჭებული უფლებების ამოქმედების მიზანშეწონილობა. სამოქალაქო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა, მოზარდის დანაშაულებრივი ქმედებები, დანაშაულის ეტიმოლოგია და სასჯელის სამართლებრივი ანალიზი. კანონის უზენაესობის აუცილებლობა. კანონმორჩილება და კონსტიტუციური სამართალი. უსამართლობის დარაჯი - სამართალი ყველგან და ყველასთვის.

 

            ფსიქოლოგიის სექცია

  • ფსიქოლოგიის სექციაში წარმოდგენილი ნაშრომი შესაძლებელია იყოს რეფერატულიც და ექსპერიმენტულიც.
  • რეფერატული ნაშრომისათვის თემატიკა შეიძლება შეირჩეს ფსიქოლოგიის ნებისმიერი სფეროდან. სასურველია, თემაში ჩანდეს ავტორის კრეატიული აზროვნების, მსჯელობისა და დასკვნის გამოტანის უნარი, საკითხისადმი მისი დამოკიდებულება. მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა.
  • ექსპერიმენტული ნაშრომის წარმოდგენის შემთხვევაში, სასურველია მითითებული იყოს საექსპერიმენტო თემასთან დაკავშირებული რეფერატი, რომელშიც აისახება დამხმარე თუ სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობის პროცესი, ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდიკა, მიღებული შედეგები დასკვნებით წარმოდგენილი იქნას ცხრილებსა და დიაგრამებში.
  • ასევე სასურველია გამოყენებული ლიტერატურის მითითება.

 



           პროექტების სექცია

  • კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ან მსურველთა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორიგინალური იდეა საპროექტო განაცხადის სახით. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:

1. პროექტის სახელწოდება
2. პროექტის დასაბუთება

  • აღწერეთ პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ემსახურება თქვენი პროექტი და დაასაბუთეთ პროექტის საჭიროება. მიუთითეთ თქვენი პროექტის განხორციელების შედეგად კონკრეტული სარგებლის მიმღები ადამიანთა ჯგუფები ან ორგანიზაციები:

3. პროექტის მიზანი;
4. პროექტის ამოცანები;
5. პროექტის ხანგრძლივობა;
6. პროექტის განხორციელების გზა;

  • როგორ განხორციელდება პროექტის ამოცანები და ვინ იქნება ამ პროცესში ჩართული? როგორი იქნება მათი ფუნქციები?

7. პროექტების განხორციელების გრაფიკი;

  • წარმოდგენილი პროექტის აქტივობების განხორციელების გრაფიკი თვეების მიხედვით.

8. ბიუჯეტი;

  • მიუთითეთ პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი და წარმოადგინეთ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა;

9. მოსალოდნელი შედეგები;

  • განაცხადის ფორმის ამ ნაწილში აღწერეთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი შედეგი, რაც მოყვება თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას.
    სასურველია შედეგები დაყოთ:
    ა) რაოდენობრივი მაჩვენებლებით;
    ბ) თვისობრივი მაჩვენებლებით;
  • თემატიკა შეუზღუდავია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროექტების განხორციელების რეალისტურობას და მოსალოდნელ შედეგებს.
  • მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ მათ მიერ უკვე განხორციელებული პროექტებიც, ასეთ შემთხვევაში საპროექტო განაცხადს უნდა ახლდეს თვალსაჩინოება ფოტო ან ვიდეო მასალის სახით.

 

           სპორტის სექცია

  • ნაშრომი უნდა ასახავდეს სპორტის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე, შეიცავდეს მსჯელობას სპორტის მნიშვნელობაზე, მონათხრობს ცნობილ სპორტსმენებზე, ქართველ სპორტსმენთა საერთაშორისო ასპარეზობებში, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასა და მიღწეულ წარმატებებზე, სპორტის საყვარელ სახეობეზე, ქართველ ოლიმპიელებსა და თქვენი რეგიონისათვის დამახასიათებელი სპორტის სახეობასა თუ საკუთარი ქალაქის, რაიონის, სოფლის, სკოლის აღზრდილ სპორტსმენებზე, სპორტის ადგილზე თქვენი სკოლის ცხოვრებაში და ა.შ.

           დანართი 1

          მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია
          სექცია ----------------------------------------------------------
          თემა ------------------------------------------------------------
          ავტორი: (ქალაქი, რაიონი, სახელი, გვარი, სკოლა, კლასი)
          ------------------------------------------------------------------
           მოსწავლის პირადი ნომერი:
           თემის ხელმძღვანელი:
           თარიღი:
           2017-2018 სასწავლო წელი

        დანართი 3
        მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე წარმოდგენილ ნამუშევართა რეცენზენტების დასახმარებლად
        ნაშრომის წინასწარი განხილვა
       /ფასდება რეცენზენტის მიერ/ - მაქს. 80 ქულა
       ნაშრომის ფორმალური მხარე
      1.1. სტანდარტთან შესაბამისობა/ მოცულობა, კომპონენტები / - 10 ქულა
      1.2. თემის აქტუალობა და ნაშრომის ხასიათი - 10 ქულა
      ნაშრომის შინაარსობრივი მხარე
      2.1. ფაქტობრივი მასალის ფლობა, პრობლემის ხედვა და ანალიზი - 15 ქულა
      2.2. კვლევის, გამოგონების, მიგნების არსებობა - 15 ქულა
      2.3. არგუმენირებისა და დასკვნების უნარი - 15 ქულა
      2.4. ნაშრომის ენობრივი, ტექნიკური და სტილისტური გამართულობა - 15 ქულა


 
 
მნახველთა რაოდენობა: 189
 
 
 
სიახლე
თებ 15 ხუთ 2018
123
 

    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728
     
    სიახლეები
    თებ 15 ხუთ 2018
    123