გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 23 63
ცხელი ხაზი

 

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის გამგებლის სათათბირო ორგანო. საბჭოს შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს და მის შემადგენლობას ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც ამ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას.

საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კერძო პირები, აგრეთვე მეწარმე იურიდიული პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სასურველია, იურიდიული პირებისა და მოსახლეობის წარმომადგენელთა რაოდენობა (კვოტა)განისაზღვროს საბჭოს დებულებით. რეკომენდებულია, რომ საბჭოს წევრების შერჩევისას შეძლებისდაგვარად იქნეს უზრუნველყოფილი ყველა ადმინისტრაციული ერთეულისა თუ ცალკეული დასახლებების წარმომადგენლობა.

საბჭოს წევრთა შერჩევის ფორმები შეიძლება განისაზღვროს საბჭოს დებულებით.

დაუშვებელია საბჭოს შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და მოხელეების შეყვანა. ასევე რეკომენდებული არ არის, რომ საბჭოს წევრები იყვნენ საკრებულოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების წარმომადგენლები.    

საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ 10 წევრი, ხოლო წევრთა მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის. საბჭოს წევრთა კონკრეტულ რაოდენობას ერთპიროვნულად განსაზღვრავს გამგებელი.

საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისას სავალდებულოა გენდერული ბალანსის დაცვა - საბჭოს წევრებს შორის ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 1/3-ზე ნაკლები. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში საბჭო ლეგიტიმური ვერ იქნება და, შესაბამისად, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ჩაითვლება იურიდიული ძალის არმქონედ.

მრჩეველთა საბჭო განიხილავს მუნიციპალიტეტის საქმიანობას, პროგრამებს და სხვა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დოკუმენტებს.

მრჩეველთა საბჭო უნდა შეიკრიბოს სულ ცოტა 3 თვეში ერთხელ მაინც, თუმცა გამგებელი  უფლებამოსილია, რომ საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს სხდომა მოიწვიოს ნებისმიერ დროს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის - გამგებლის  სათათბირო ორგანო. შესაბამისად, საბჭოს სხდომას, როგორც წესი, უძღვება გამგებელი. მისი დავალებით, სხდომას შეიძლება უძღვებოდეს საბჭოს თავმჯდომარე.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო კოლეგიური ორგანოა, ამიტომ მისი ყველა სხდომა უნდა ჩატარდეს ღიად და საჯაროდ, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა - ანუ, თუ განსახილველი საკითხები შეეხება პერსონალურ მონაცემებს, მიეკუთვნება სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას მისი წევრებიდან ერთპიროვნულად შეარჩევს გამგებელი, რომელსაც ასევე შეუძლია მისი თავმჯდომარის გადაყენებაც.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრულია იმ საკითხების ნუსხა, რომელთა საბჭოსთვის წარდგენა სავალდებულოა. კერძოდ, გამგებელი/მერი ვალდებულია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს:

  1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი 
  2. სივრცითი დაგეგმარების  დოკუმენტები (იხ. საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“);
  3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები (იხ. საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“); 
  4. ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები

გადაწყვეტილების მიღების წესები უნდა განისაზღვროს საბჭოს დებულებით. ზოგადი წესის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუმცა შესაძლებელია, რომ ცალკეული საკითხების მიმართ, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დადგინდეს განსხვავებული რაოდენობაც.

საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელიც შეიძლება შეადგინოს საბჭოს მდივანმა ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამისმა მოხელემ.

იურიდიული ძალის თვალსაზრისით, საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს არა სავალდებულო, არამედ მხოლოდ სარეკომენდაციო მნიშვნელობა. გამგებელი უფლებამოსილია არ გაიზიაროს საბჭოს რეკომენდაცია და მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება.

საბჭოს სხდომის ოქმი საჯარო ინფორმაციაა და სავალდებულო წესით უნდა გამოქვეყნდეს სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. საჯაროობის უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, სასურველია საბჭოს სხდომის ოქმები აიტვირთოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე შესაძლებელია, რომ იგი განთავსდეს გამგეობის შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.